დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გვაქვს იმის შანსი რომ 26 მარტს თამაში მოვიგოთ - ლევან კობიაშვილი

გვაქვს იმის შანსი რომ 26 მარტს თამაში მოვიგოთ - ლევან კობიაშვილი

2024-03-24 04:08:00

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა  ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩზე ისაუბრა, რომელსაც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 26 მარტს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ლევან კობიაშვილს პოზიტიური მოლოდინები აქვს და იმით, რომ რამდენიმე დღის წინ ქართველებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხეს, კმაყოფილია.

„მთავარი მიზანი შესრულებულია, ფაქტია, რომ ყველას გვიხარია, გავიმარჯვეთ. მთლიანობაში ძალიან კარგი თამაში გამოგვივიდა. დამაჯერებელი გამარჯვება იყო. ძალიან ვისიამოვნეთ, თუმცა ის [საქართველო-ლუქსემბურგი] თამაში უკვე წარსულია. მთავარი მიზანი 26 მარტს გვაქვს - მოსაგები თამაში. გასული თამაში - ჩვენი ლუქსემბურგთან, ან თუნდაც საბერძნეთის [ყაზახეთთან] საინტერესო აღარ არის. ეს [26 მარტის] ის თამაშია, სადაც სუსტი, ან ძლიერი მოწინააღმდეგე არ არსებობს. თამაშია, რომელიც უნდა მოვიგოთ. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგე გუნდის დამოკიდებულებაც ზუსტად ასეთი იქნება. ყველაფერი ხდება. 90 წუთია და ყაზახეთი იქნებოდა, საბერძნეთი, თუ ნებისმიერი სხვა მოწინააღმდეგე, მთავარი არის ის, რომ ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის, წარმატების და ვიცით ნამდვილად, რომ გვაქვს იმის შანსი, იმის რესურსი, პოტენციალი გაგვაჩნია, ეს თამაში მოვიგოთ“, - აღნიშნა კობიაშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, აძლევს თუ არა უპირატესობას საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი მაშინ, როდესაც საბერძნეთს მხოლოდ ერთი ცნობილი მოთამაშე - „ლივერპულის“ ფეხბურთელი კოსტას ციმიკასი ჰყავს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 26 მარტს დაგეგმილი თამაშის ბედი მთლიან გუნდზეა დამოკიდებული.

„ჩვენთვის ძალიან დიდი ფუფუნება და ბედნიერებაა, რომ თქვენი დასახელებული მოთამაშეები ჩვენს ნაკრებში არიან და მათ შორის არიან დანარჩენებიც, რომლებიც ღირსეულად ასპარეზობენ და ძალიან გვიხარია, რომ ასეთი ძლიერი შემადგენლობა ჰყავს დღეს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. თუმცა, ეს არის თამაში, სადაც მთლიან გუნდზეა დამოკიდებული [გამარჯვება]. გუნდი უნდა იყოს ერთიანი მოედანზეც და შესაბამისად, ეს იქნება მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი. მოთამაშეების კარგი თამაში, რა თქმა უნდა, აისახება გუნდზეც. არ სჭირდება ჩემი ახსნა იმას, რას ნიშნავს, როდესაც ხვიჩა მოედანზეა. აბსოლუტურად სხვანაირად ითამაშებენ მოწინააღმდეგეები, დარწმუნებული ვარ. სხვანაირი ფოკუსი იქნება მასზე მოწინააღმდეგე გუნდისგან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბერძნეთსაც საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს, ფეხბურთელები, რომლებიც პრემიერლიგაში თამაშობენ, სხვადასხვა ძლიერ ლიგაში“, - აღნიშნა კობიაშვილმა.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები