დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მარტში, საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა, გრძელდება მნიშვნელოვანი დარგების კონტრიბუცია - ლაშა ქავთარაძე

მარტში, საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა, გრძელდება მნიშვნელოვანი დარგების კონტრიბუცია - ლაშა ქავთარაძე

2024-04-30 16:00:00

მარტში, საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად,  8,2%-ით გაიზარდა, - Galt & Taggart-ის ანალიტიკოსმა ლაშა ქავთარაძემ Business Insider Georgia-თან მარტში საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეაფასა.

მისი თქმით, პირველ კვარტალში ეკონომიკის ჯამური ზრდა 7,8% იყო, რაც კარგი მაჩვენებელია.

„თუ შევხედავთ ჩვენს პროგნოზებს, გვაქვს ორი სცენარი - ერთიანი საბაზისო და მეორე ოპტიმისტური. ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო გაზრდილია ოპტიმისტური სცენარის ალბათობა, სადაც 7%-იან ეკონომიკურ ზრდას ვპროგნოზირებთ“, - აღნიშნავს Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი.

რაც შეეხება მიზეზებს, ლაშა ქავთარაძის შეფასებით, ისევ გრძელდება მნიშვნელოვანი დარგების კონტრიბუცია, რაც გასულ წელსაც ფიქსირდებოდა და ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა.

„ჩვენი შეფასებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ძირითადად იყო მოხმარება და ინვესტიციები. იმის გამო რომ ინფლაცია დაბალია, შესაბამისად გაზრდილია მოხმარების კონტრიბუცია. ჩვენ გვაქვს მონაცემები სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ხარჯების, ისე საბანკო დაკრედიტების ბიზნეს მიმართულებით და ორივე არხში საკმაოდ კარგი ზრდის ტემპია დაფიქსირებული და ამან დადებითი კონტრიბუცია შეიტანა. ასევე ვიცით რომ წლის დასაწყისიდან სავალუტო შემოდინებები კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. ჯამურად, გასულ წელს 7,5%-ით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა და წელსაც მცირედი შენელება იქნება, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოპტიმისტურ სცენართან იქნება ახლოს“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში.

იგივე თემაზე:

რამ განაპირობა მარტში ეკონომიკის 8,2%-იანი ზრდა - გოგიტა თოდრაძის განმარტება

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

12 საათის წინ

16 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები