დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა თანხა ჩამოაწერა სახელმწიფომ მცირე და საშუალო ბიზნესს

რა თანხა ჩამოაწერა სახელმწიფომ მცირე და საშუალო ბიზნესს

2024-04-30 10:00:00

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების შედეგად, სსიპ შემოსავლების სამსახურმა ცვლილების ამოქმედებიდან (25.12.2014 წელი) 2024 წლის 21 აპრილამდე, ჯამში 3,920,306,225.14 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა განახორციელა, - ამის შესახებ დეპუტატის კითხვის პასუხად ფინანსთა სამინისტროს მიერ მიწერილ წერილშია აღნიშნული. ირკვევა, რომ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საფუძველია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილი, რომლის მიხედვით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა განხორციელდა სამ ეტაპად, კერძოდ:

I ეტაპი - 2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილი ითვალისწინებდა 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანების ჩამოწერას, თუ პირს არ უფიქსირდებოდა აქტივობა. ამ რედაქციით (02.06.2016 წლამდე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით) ჩამოწერილი დავალიანების თანხამ შეადგინა ჯამში 1,104,279,889.73 ლარი;

II ეტაპი - 2016 წლის 13 მაისს საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 2 ივნისს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილი ითვალისწინებდა 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანების ჩამოწერას, თუ პირს არ უფიქსირდებოდა აქტივობა. ამ რედაქციით (02.08.2018 წლამდე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით) ჩამოწერილი დავალიანების თანხამ შეადგინა ჯამში 1,692,744,567.90 ლარი;

III ეტაპი - 2018 წლის 21 ივლისს საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 2 აგვისტოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილი ითვალისწინებს 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანების ჩამოწერას (2020 წლის 14 ივლისს ამ ნორმამგანიცადა ცვლილება და ჩამოწერას დაექვემდებარა, ასევე შემდგომ აღიარებული თანხები), თუ პირს არ უფიქსირდებოდა აქტივობა. ამ რედაქციით დღემდე (21.04.2024 წლამდე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“, „ა1“ და „გ“ ქვეპუნქტებით) ჩამოწერილი დავალიანების თანხამ შეადგინა ჯამში 1,123,281,767.51 ლარი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციითვე, დავალიანების ჩამოწერა ხორციელდება გადასახადის გადამხდელის მიმართვის საფუძველზე და ასევე, საგადასახადო ორგანოს ინიციატივით.


უახლესი

6 საათის წინ

10 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები