დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამ განაპირობა მარტში ეკონომიკის 8,2%-იანი ზრდა - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა მარტში ეკონომიკის 8,2%-იანი ზრდა - გოგიტა თოდრაძის განმარტება

2024-04-30 14:00:00

წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში.

ეკონომიკური ზრდის მიზეზების შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგი გამართა:

„მარტში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 8,2%-ით. ხოლო I კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 7.8%-ით განისაზღვრა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:

ეს გახლავთ დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური მეცნიერების სექტორი და უძრავი ქონება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, ენერგეტიკის, ასევე ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში.

2024 წლის მარტში, საქონლის ექსპორტი შემცირებულია 4,4%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი შემცირდა 17%-ით. ქვეყანაში დარეგისტრირდა 6 200-მდე ახალი საწარმო, რაც 14%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. კლება ძირითადად განპირობებულია კერძო უცხოელი ინდმეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის მაჩვენებლის შემცირებით. ქვეყნების მიხედვით კლება ძირითადად რუსეთზე მოდის“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ამასთან, 8,5%- ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება. საქსტატის წინასწარი შეფასებით, კერძო სექტორის ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 12.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8.5%-ით მეტია.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის მიზეზებს დარგობრივ ჭრილში:

„დამმუშავებელ მრეწველობაში ზრდა დაკავშირებული იყო მეტალურგიულ წარმოებასთან, გაიზარდა მანგანუმის ექსპორტი. ასევე გაზრდილია სასმელების და ღვინის ექსპორტი.

ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებს კომპიუტერული პროგრამირების კონსულტაციებისა და  და მასთან დაკავშირებული მომსახურების საქმიანობების ზრდა.

უძრავი ქონების სექტორში ზრდა დაკავშირებულია არასაცხოვრებელი შენობების გაქირავებასა და მართვასთან.

მიმდინარე პერიოდში გაზრდილია ტურიზმის მაჩვენებლებიც. 2024წლის პირველი კვარტლის ინფორმაციით საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 8.6%-ით გაიზარდა და 1.156 000 შეადგინა.

რამდენიმე სექტორში შემცირების ტენდენცია გამოვლინდა, უპირველეს ყოვლისა ესაა მშენებლობის სექტორი რაც  დაკავშირებული იყო ნაკლები მოცულობის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებასთან საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიმართულებით.

ენერგეტიკის სფეროში სფეროში კლება დაკავშირებული იყო ელექტროენერგიის განაწილების შემცირებასთან, რაც აისახა ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებაზე.

რაც შეეხება ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორს, კლება დაკავშირებული იყო ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებასთან და დამხმარე საქმიანობებთან რაც გარკვეულწილად კავშირშია საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებთან", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

7 საათის წინ

11 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები