დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ავტობაზარი პროფიციტულია, შედეგად, ძვირადღირებული ავტომობილები 20%-ით გაიაფდა - „კავკასიის ავტოიმპორტი“

საქართველოს ავტობაზარი პროფიციტულია, შედეგად, ძვირადღირებული ავტომობილები 20%-ით გაიაფდა - „კავკასიის ავტოიმპორტი“

2024-05-07 16:21:00

საქართველოს ავტობაზარი პროფიციტულია, ძვირადღირებული ავტომობილები დაახლოებით 20%-ით გაიაფდა, - ამის შესახებ  Business Insider Georgia-ს „კავკასიის ავტოიმპორტის“ კომერციულმა დირექტორმა ალექსანდრე ვეკუამ განუცხადა.

„ადგილობრივ ბაზარზე საავტომობილო პროფიციტია და დრო სჭირდება რომ დაბალანსდეს. სავარაუდოდ ზაფხულის ბოლოს მოთხოვნა მიწოდება ერთმანეთს უნდა გაუთანაბრდეს. დაახლოებით 20%-მდეა ფასები დაკლებული. პირველ რიგში ძვირადღირებულ ავტომობილებზე შემცირდა ფასი. $10-ზე უფრო მაღალფასიან ავტომობილებზე უკვე  აისახა ფასის კლება“, - ამბობს ალექსანდრე ვეკუა.

„კავკასიის ავტოიმპორტის“ კომერციული დირექტორის შეფასებით, ავტომობილების რეექსპორტში საქართველოსთვის ძირითადი ბაზრებია ყაზახეთი, ყირგიზეთი და აზერბაიჯანი. მისი თქმით, კიდევ არის რამდენიმე მიმართულება სადაც სამუშაოა და სამომავლო პერსპექტივას წარმოადგენს.

„აშშ და გერმანია იმპორტში ლიდერები არიან. ბაზარზე გაიზარდა ჩინური ავტომობილების წილი, თუმცა დაახლოებით 2 ათას მანქანამდე შეადგენს, რაც არ არის მაღალი მაჩვენებელიი იმ ფონზე, როცა აშშ-დან თვეში ხდება 20 ათასამდე ავტომანქანის იმპორტი. ადგილობრივ ბაზარზე და რეექსპორტის შემთხვევაში კვლავ ყველაზე მოთხოვნადია ტოიოტა, ჰიუნდაი, KIA და ფორდი“, - ამბობს ალექსანდრე ვეკუა. 

შსს-ს  მონაცემებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში საქართველოში განხორციელდა 25,2 ათასი ავტომობილის იმპორტი, ექსპორტზე გავიდა 3,1 ათასი, ხოლო რეექსპორტზე 19,2 ათასი ავტომობილი. უწყების ცნობით, ვაჭრობის ძირითადი წილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, რომელიც მთლიანი ბრუნვის დაახლოებით 95%-ს შეადგენს.

ავტომობილების ექსპორტი: 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ საზღვარგარეთ 3.128 ავტომობილი გაიყვანა. 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში ქვეყანამ გაყიდა 3.018 მსუბუქი ავტომობილი, 12 სპეციალიზებული ავტომობილი, 31 სატვირთო, 11 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 7 სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი, 22 მისაბმელი და 27 მოტოციკლი.

ავტომობილების რეექსპორტი: 2024 წლის პირველ სამ თვეში რეექსპორტზე გავიდა 19.169 ავტომობილი. შსს-ს მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან რეექსპორტირებულია 18.753 მსუბუქი ავტომობილი, 56 სპეციალიზებული ავტომობილი, 187 სატვირთო მანქანა, 53 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 26 სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი, 58 მისაბმელი და 36 მოტოციკლი.

ავტომობილების იმპორტი: რაც შეეხება ავტომობილების იმპორტს, რაოდენობამ პირველ კვარტალში 29.040 შეადგინა, რომლის დიდი ნაწილი ასევე მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. 2024 წლის სამი თვეში ქვეყანაში შემოვიდა 25.249 მსუბუქი ავტომობილი, 415 სპეციალიზებული ავტომობილი, 1.964 სატვირთო მანქანა, 235 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 265 სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი, 568 მისაბმელი და 344 მოტოციკლი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები