დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„კიკეთის ფერმაში“ აქტიური სეზონი იწყება, რას სთავაზობს მულტიფუნქციური კომპლექსი ვიზიტორებს

„კიკეთის ფერმაში“ აქტიური სეზონი იწყება, რას სთავაზობს მულტიფუნქციური კომპლექსი ვიზიტორებს

2024-05-02 07:00:00

მაისიდან „კიკეთის ფერმაში“ აქტიური სეზონი იწყება, სტუმრების რაოდენობის ზრდის პარალელურად მულტიფუნქციური კომპლექსი ვიზიტორებს გარკვეულ სიახლეებსაც უმზადებს.

როგორც Business Insider Georgia-ს „კიკეთის ფერმის“ ადმინისტრაციაში განუცხადეს, „კიკეთის ფერმის“ ცნობადობის პარალელურად სტუმრების რაოდენობაც მზარდია და წელს შარშანდელთან შედარებით უფრო მეტი სტუმრის მოლოდინში არიან.

„დაინტერესება „კიკეთის ფერმის“ და მისი სერვისების მიმართ მზარდია. აქტიურად გვიკავშირდებიან ჯავშნებზე. „კიკეთის ფერმა“ ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა და ძალიან მალე გაიხსნება 6 ნომრიანი  სასტუმრო „იპოდრუმი“. გაიხსნება ასევე 2 სახლი ხეზე. აქტიურად ეწყობა ასევე საფეხმავლო ბილიკები და ტურისტები შეძლებენ ფეხით საინტერესო მარშრუტები გაიარონ და მივიდნენ გადასახედამდე, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება“, - აცხადებენ „კიკეთის ფერმაში“.

„კიკეთის ფერმა“ თბილისიდან 25 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე მდებარეობს, სადაც საბჭოთა პერიოდის ფერმამ ახალი ფუნქცია შეიძინა და სარეკრეაციო, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცედ გარდაიქმნა.

„კიკეთის ფერმას“ გამორჩეულს ხდის მისი მულტიფუნქციურობა. ტერიტორიაზე, რომელიც 10 ჰექტარზეა გაშლილი, დღეისათვის ფუნქციონირებს: მარანი, თავლა, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო სივრცე, ვარდების სანერგე მეურნეობა, კაფე, სხვადასხვა დანიშნულების სათბურები, აბანო და საზღვაო კონტეინერისგან შეკრული სასტუმრო და სხვა.

საზღვაო კონტეინერისგან შეკრული სასტუმრო 2 ნომერს აერთიანებს, სადაც 4 სტუმრის მიღებაა შესაძლებელი.

„კაფე „ორანჟერეა“ განახლებულ მენიუს და კონცეფციას სთავაზობს სტუმრებს. კაფე მოწყობილია გასული საუკუნის სათბურში, რომელიც გამოირჩევა სიმწვანით, იშვიათი ნივთების კოლექციითა და ანტიკვარული ავეჯით. მომხიბვლელია კაფის ტერასა, საიდანაც ხედი პირდაპირ საცხენოსნო მოედანზე იშლება.

„მაისიდან უკვე აყვავდება „კიკეთის ფერმის“ ვარდების ბაღი, რომელიც ტრადიციულად უმასპინძლებს  ჯაზის საღამოებს და სხვადასხვა ფორმატის თემატურ ღონისძიებებს. აღსანიშნავია ფერმის საგანმანათლებლო მიმართულება, რომელიც წელს სიახლეებს გვთავაზობს -  „ფერდინანდის ფერმაში“ ახალ მასტერკლასებთან ერთად, დაემატა „მწვანე გაკვეთილების“ კურსი, რომელიც მოიცავს რამდენიმე პროგრამას (მცენარეების შესწავლა, მიწის დამუშავება, გუბურის მოწყობა, მებაღეობა).  

ივნისიდან კი შემდეგი ობიექტები დაგვემატება: „იოგა სახლი“ პანორამული ხედებით; ლანდშაფტზე მორგებული პავილიონები; გალერეა - მულტიფუნქციური სივრცე მრავალფეროვანი ღონისძიებებისთვის, სადაც დამთვალიერებელი გაეცნობა ევროპული სტილის XIX-XX საუკუნეების ღუმელების კოლექციას. ივნისიდან ტერიტორიაზე დაგეგმილია რესტორნის გახსნაც.

„კიკეთის ფერმა“ ღიაა ყველა ასაკისა და ინტერესის მქონე ქართველი და უცხოელი დამსვენებლისთვის. დღეს ფერმა მზადაა უმასპინძლოს კორპორაციულ შეხვედრებს, სადღესასწაულო წვეულებებს, მუსიკალურ საღამოებს, წიგნის პრეზენტაციებსა და სხვა საინტერესო კამერულ ღონისძიებებს“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს „კიკეთის ფერმის“ წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ კვირის განმავლობაში „კიკეთის ფერმა“ ყველაზე დატვირთული პარასკევიდან კვირის ჩათვლითაა.

2023 წელს „კიკეთის ფერმამ“, როგორც სარეკრეაციო, კულტურულმა და საგანმანათლებლო კომპლექსმა, სტუმრები სატესტო რეჟიმში პირველად მიიღო. წლის განმავლობაში აქტიურად ოპერირებდნენ შემდეგი ობიექტები: მარანი, თავლა, შემოქმედებით-საგანმანათლებლო სივრცე, ვარდების სანერგე მეურნეობა, კაფე, სპა ცენტრი (Banya N1) და საზღვაო კონტეინერისგან აწყობილი სასტუმრო.

„მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სტუმართან ინტერაქცია, რომელიც წელს უკვე სამომავლო ნაბიჯების გადადგმაში და სერვისების გაუმჯობესებაში მნიშვნელოვნად გვეხმარება.  

„კიკეთის ფერმის“ დამფუძნებლებმა ერთიანი ხედვითა და კონცეფციით სხვადასხვა თაობის, პროფესიისა და ნიჭის მქონე ადამიანები გააერთიანეს. ფერმის თითოეულ ობიექტს თავისი მმართველი პარტნიორი ჰყავს, რომლებიც ერთმანეთთან სინერგიით ქვეყანაში ქმნიან პლატფორმას, სადაც ერთდროულადაა შესაძლებელი დასვენება, გართობა და შემეცნება, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ბიომრავალფეროვნების გაცნობა. ფერმა აგრძელებს განვითარებას პარტნიორებთან ერთად. 2-3 წელიწადში პროექტი დასრულებულ სახეს მიიღებს. რა დროისთვისაც, ჯამურად, დაახლოებით 9-10 მილიონი ევრო იქნება ინვესტირებული“, - აცხადებს „კიკეთის ფერმის“ წარმომადგენელი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები