დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მზის პანელებზე მზარდი მოთხოვნის ფონზე, შესაძლოა, დარგმა 200%-მდე ზრდაც კი აჩვენოს - Step Energy

მზის პანელებზე მზარდი მოთხოვნის ფონზე, შესაძლოა, დარგმა 200%-მდე ზრდაც კი აჩვენოს - Step Energy

2024-03-29 12:00:00

კომპანია Step Energy, რომელიც განახლებადი ენერგიების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მუშაობს, ქვეყანაში მზის პანელებზე მაღალ მოთხოვნაზე საუბრობს.

როგორც Business Insider Georgia-სთან Step Energy-ს დამფუძნებელმა ბექა ცეცაძემ განაცხადა, 2024 წლის ბოლომდე კომპანია 15 მგვტ-მდე სიმძლავრის მზის პანელების მონტაჟს გეგმავს, მაშინ როდესაც  გასულ წელს საერთო ჯამში 6 მგვტ-ი მზის პანელების მონტაჟი განახორციელა. 

ბექა ცეცაძე აცხადებს, რომ მზის პანელებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და მისი გათვლებით 2024 წელს ასეთი მზარდი მოთხოვნის ფონზე, შესაძლოა, დარგმა 200%-მდე ზრდაც კი აჩვენოს. 

„მზის პანელებზე მოთხოვნა უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოშია. ძირითადი მოთხოვნა მაინც არის შიდა ქართლიდან და კახეთიდან. ვემსახურებით როგორც კერძო სექტორს, ისე ფიზიკურ პირებს. 

კერძო სახლებში მზის პანელების მონტაჟის კუთხით ბევრი გვაქვს დამონტაჟებული თბილისში კერძოდ დიღომში, ასევე  ნატახტარში, წყნეთში და კიკეთში“, - აცხადებს Step Energy-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი. 

ირკვევა, რომ მზის პანელების მონტაჟის მიმართულებით Step Energy-ს მიერ განხორციელებული პროექტებიდან 85%-ი კერძო კომპანიებზე მოდის. მზის პანელების მიმართულებით კი Step Energy-ში საკმაოდ დიდი არჩევანია, რადგანაც კომპანიას ქვეყანაში სხვადასხვა მწარმოებლის პრემიუმ ხარისხის მზის პანელები შემოაქვს. 

როგორც ბექა ცეცაძე ამბობს, Step Energy თანამშრომლობს მხოლოდ TIER 1 მზის მოდულის მწარმოებლებთან, როგორიცაა JA Solar, Longi Solar, Hanersun, Qcells და ა.შ

გარდა მზის პანელების მონტაჟისა Step Energy ახდენს ქარის ელექტროსადგურების სადგურების მშენებლობას, ელექტროავტომობილების დამტენების მონტაჟს და ასევე ენერგო აუდიტს.  

Step Energy-ს დამფუძნებელი აცხადებს, რომ ქარის ელექტროსადგურების მშენებლობას გაცილებით მეტი დრო სჭირდება ვიდრე მზის პანელების მონტაჟს. 

„ქარის ელექტროსადგურების მონტაჟს დიდი დრო სჭირდება. რეალურად ჯერ უნდა მოხდეს ქარის გაზომვა. სადაც პროექტის განხორციელება იგეგმება მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში უნდა დამონტაჟდეს მზომი და გაზომოს როგორც ქარის სიჩქარე, ისე სხვა პარამეტრები. ამ გაზომვითი პროცესის დასრულების შემდეგ, იწყება ელექტროსადგურის მშენებლობა. დიდი პროექტი დიდი დაკვირვების გარეშე არ კეთდება. ჩვენ ამ დროისათვის რამდენიმე პროექტის დეველოპმენტზე ვმუშაობთ, რომლებიც არის როგორც გორთან ახლოს, ისე დასავლეთ საქართველოში. 

აქტიურად ვეცნობით საერთაშორისო გამოცდილებას და ბაზრებს. აქტიურად დავდივართ სხვადასხვა გამოფენებზე, ვხვდებით მომწოდებლებს და ასე შემდეგ“, - აცხადებს Step Energy-ს დამფუძნებელი.

Step Energy ქარის ელექტროსადგურების ქვეყანაში შემოტანაზე აქტიურად თანამშრომლობს ევროპელ მწარმოებლებს, თუმცა გარკვეული პარტნიორული თანამშრომლობა აქვს ასევე ჩინელ მწარმოებლებთანაც.

სამომავლოდ კომპანია ქვეყანაში ქარის მინი ელექტროსადგურების შემოტანასაც განიხილავს, რასაც დიდი პროექტისგან განსხვავებით, ბევრი დაკვირვება და შესწავლა არ სჭირდება. 

როგორც კომპანიაში განმარტავენ, Step Energy-ს გუნდს ელექტროსადგურების განვითარების ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, ხოლო როგორც EPC (ინჟინერია, შესყიდვები, მშენებლობა) კომპანია, აქტიურადაა ჩართული პროექტის განვითარების მთელ პროცესში, დაპროექტებიდან აღსრულებამდე.

Step Energy ქართულ და საერთაშორისო ბაზარს სთავაზობს მზის და ქარის ელექტროსადგურების განვითარებას, ელექტრო პარკინგის მოწყობას და ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებში დახმარებას. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები