დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელ ღვინოს ანიჭებენ უპირატესობას „8000 მოსავალის“ ბერლინის მაღაზიაში

რომელ ღვინოს ანიჭებენ უპირატესობას „8000 მოსავალის“ ბერლინის მაღაზიაში

2024-05-07 18:00:00

ღვინის მაღაზია „8000 მოსავალი“, რომელმაც საზღვარგარეთ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში  პირველი მაღაზია გახსნა, გაყიდვებით კმაყოფილია.

როგორც Business Insider Georgia-სთან „8000 მოსავლის“ მეღვინეობების მიმართულების ხელმძღვანელმა ქეთი ჯაფარიძემ განაცხადა, „8000 მოსავლის“ ბერლინის მაღაზიაში გაყიდვების რაოდენობა მზარდია.

ქეთი ჯაფარიძის თქმით, ბერლინის მაღაზიაში ყველაზე მოთხოვნადი ქვევრის ქარვისფერი ღვინოებია. 

„თავის დროზე ბერლინზე არჩევანი გაკეთდა იმიტომ, რომ გერმანია არის მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ იმპორტირებულ ღვინოს მოიხმარს და ასევე გერმანიაში ბერლინი არის ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტ იმპორტირებულ ქალაქს მოიხმარს. 

ბერლინის მაღაზიაში მომხმარებლებს უმეტესად ქვევრის ღვინოები აინტერესებთ და ყველაზე მეტად ქარვისფერი ღვინით არიან დაინტერესებულნი. ალბად შედარებით უცხოა მათთვის“, - აცხადებს ქეთი ჯაფარიძე.

„8000 მოსავლის“ მეღვინეობების მიმართულების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ დღეისათვის ქვეყნის შიგნით „8000 მოსავალი“ 5 მაღაზიითაა წარმოდგენილი, საიდანაც 4 თბილისში, ხოლო 1 ბათუმში მდებარეობს.

„ამ ეტაპზე თბილისისა და ბათუმის გარდა სხვა ქალაქში შესვლას არ განვიხილავთ და სამომავლოდ ვნახოთ“, - განმარტავს ჯაფარიძე.

მისივე თქმით, „8000 მოსავალი“ საკუთარ მომხმარებლებს საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს 

„თვეში შემოგვდის 300-დან 400 დასახელებამდე ღვინო, მაგრამ ამ ღვინოებიდან საშუალოდ 40%-ი გადის დეგუსტაციას. თუმცა იმ ღვინოების რაოდენობა, რომელიც დეგუსტაციას გადის მზარდია“, - ამბობს ქეთი ჯაფარიძე.

როგორც „8000 მოსავალის“ საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კარგი ღვინოების შესაგროვებლად შექმნილია დამოუკიდებელი სადეგუსტაციო კომისია, სადაც პერიოდულად ახალ-ახალ დეგუსტატორებსაც იწვევენ და ამ გზის წარმატებით გავლის შემდეგ ხვდება კონკრეტული ღვინო მაღაზიაში.

„ჩვენი მისიაა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო.

ეს გზა ქალაქის ურბანულ ნაწილში მაღაზია/ბარის გახსნით დავიწყეთ. ვფიქრობთ, ქალაქის მოსახლეობას სჭირდება მსგავსი ადგილები, რათა განვითარდეს ღვინის სმის კულტურა და კარგი ღვინის დაფასება. ამის შემდეგ თვითონ მეღვინეობებსაც უფრო დიდი სურვილი ექნებათ უკეთესი ღვინის წარმოების, რადგან ქართველი ქართულის ყველაზე კარგი შემფასებელია.

კარგი ღვინოების შესაგროვებლად შევქმენით დამოუკიდებელი სადეგუსტაციო კომისია, სადაც პერიოდულად ახალ-ახალ დეგუსტატორებს ვიწვევთ. ყოველ თვიურად 100-მდე ღვინოს ვსინჯავთ დაგუსტაციის ფარული მეთოდით და დღემდე  1610 ღვინიდან  790 გამოვარჩიეთ. ღვინის შერჩევის ჩვენი მიდგომა შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს ყველა მწარმოებელს, განსაკუთრებით კი მცირე მარნებს, კარგი ღვინო ქართველ მომხმარებლამდე მიიტანონ და პოპულარობა მოიპოვონ. ნებისმიერ მეღვინეს შეუძლია მოგვაწოდოს საკუთარი ღვინო და სადეგუსტაციო კომისიის მხრიდან მოწონების შემთხვევაში, ჩვენი მაღაზიის თაროებზე მოხვდეს.

ყველა ეს ღვინო თაროებზე ჯიშების და ადგილწარმოშობების მიხედვით ეწყობა, რის შემთხვევაშიც ყველა მეღვინეობა თანაბარ პირობებშია. არ ხდება უპირატესობების მინიჭება მწარმოებლის მიხედვით თაროზე. ჩვენი სტუმრებისთვისაც უფრო მოსახერხებელია ამ მიდგომით სასურველი ღვინის მოძიება.

კარგი ღვინო არ არის მხოლოდ მაღალ შემოსავლიანი ადამინების სასმელი. დღევანდელი მეღვინეობები იძლევიან საშუალებას ეკონომიურ ფასად იყოს მათი ღვინო ხელმისაწვდომი მაღაზიაში. ჩვენც, ხელი რომ შევუწყოთ კარგი ბოთლის ღვინის პოპულარობას, ბარში მაღაზიის ფასით ვემსახურებით ღვინოზე, ყოველგვარი დანამატის გარეშე.

ჩვენთან ყველა ღვინო ქართულია და მომავალშიც ასე იქნება!“, - აღნიშნულია „8000 მოსავლის“ საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები