დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა,  შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ბოლო წლების ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვარს - სტაბილურ და განჭვრეტად ბიზნეს გარემოს" - BAG

„ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ბოლო წლების ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვარს - სტაბილურ და განჭვრეტად ბიზნეს გარემოს" - BAG

2024-04-28 19:34:00

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება,  წარადგენს და ადვოკატირებას უწევს წევრი კომპანიების ობიექტურ და სამართლიან ბიზნეს ინტერესებს.

 

ასოციაციის უმთავრესი მიზანი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის ზრუნვაა, რასაც შედეგად ძლიერი და წარმატებული ბიზნეს სუბიექტების ფორმირება უნდა მოჰყვეს.

 

ამასთან, მიგვაჩნია, რომ, ნებისმიერი ნორმალური ქვეყნისთვის ძლიერი და მდგრადი ბიზნესისა და შესაბამისად ძლიერი ეკონომიკის შექმნა არის საზოგადოებრივი განვითარებისა და კეთილდღეობის, ქვეყნის წარმატების მთავარი საწინდარი. ვფიქრობთ, რომ ეს არის ის იდეა, რომლის ირგვლივ ყველას გაერთიანება და ამ გზით ქვეყნის მშენებლობა უდავოდ ღირს და უაღრესად ფასეულია.

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციისათვის განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. ამ პრინციპებით ვსარგებლობთ ჩვენ საკუთარი საქმიანობის წარმართვისას.

ჩვენ არასოდეს ვცდებით ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს და ჩვენს ქმედებებში ყოველთვის ვიფარგლებით იმ თემატიკით, რომელიც ეხება და არ სცდება ბიზნესსა და ეკონომიკას. ასე იყო დღემდე და ასე იქნება მომავალშიც.

 

ამასთან, უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას მოგვმართავენ ჩვენი წევრი კომპანიის წარმომადგენლები  უმთავრესი წუხილით, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის განხილვის შედეგად განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა,  შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ბოლო წლების ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვარს - სტაბილურ და განჭვრეტად ბიზნეს გარემოს, რაც, ცხადია, ნეგატიურად იქნება ასახული ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ეკონომიკური ზრდის ტემპებზე.  ბიზნესის წუხილი სწორედ იმითაა განპირობებული, რომ იგი ყოველთვის პირველია, რომელიც გრძნობს  და საკუთარ თავზე იმკის პოლიტიკური არასტაბილურობის ნეგატიურ ზეგავლენას.

 

აღსანიშნავია, რომ განჭვრეტადი და სტაბილური ბიზნეს გარემო ის საერთო მიღწევაა, რამაც განაპირობა ქვეყნის მაღალი ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრების მდგრადობის უზრუნველყოფა. ცალკე გამოსაყოფია ის ეფექტური კომუნიკაცია, რომელიც ბიზნესს აქვს  ხელისუფლებასთან, რაც გამოიხატება ადგილობრივი საქმიანი გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით შემუშავებულ არაერთ ისეთ ინიციატივაში, რომელიც ბიზნეს წრეებში წარმოიშვა და კანონისა და თუ სხვა ნორმატიული აქტის ფორმით ამოქმედდა. ამავე დროს, არ გვახსენდება მთავრობის არცერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ბიზნესის საქმიანობაზე გავლენას მოახდენდა და ოფიციალურ განხილვებამდე ჩვენთვის არ იყო წარდგენილი. ტრადიციულად, თითქმის ყოველი ასეთი ინიციატივის დროს ჩვენი მოსაზრებები იყო გაზიარებული, რაც გვაძლევს იმის განცხადების საშუალებას, რომ დღეს ისე როგორც არასდროს ბიზნესი თავს გრძნობს თავისუფლად და არის აქტიურ დიალოგში ხელისუფლებასთან.

 

ამასთან,  ბუნებრივი და გასაგებია, რომ ჩვენ, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, არ და ვერ შევალთ ზემოაღნიშნული კანონპროექტის შინაარსობრივ განხილვაში. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ბიზნესის ერთი დიდი ოჯახია, საერთო ღირებულებებით. თუმცაღა, ბუნებრივია, ბიზნესის მიღმა არსებულ ამა თუ იმ პოლიტიკური ხასიათის საკითხზე შეიძლება არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები. მიუხედავად, ამისა ყველანი ვთანხმდებით, რომ გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მაღალი სტანდარტი და ქვეყნის ევროპული არჩევანი ის ორი მიზანია, რომელიც ერთმანეთთან სრულად თანხვედრაშია. ამ მიზნებისკენ სვლა კი უნდა მოვახდინოთ ისე, რომ არ შევარყიოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძვლები, უზრუნველვყოთ სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება და, რაც მთავარია, არ გადავუხვიოთ ქვეყნის განვითარების ევროპულ კურსს, რაც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციითაც არის განსაზღვრული.

BAG

უახლესი

23 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები