დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოლოდინია, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, რაც უძრავი ქონების ბაზარზე კაპიტალდაბანდების ინტერესს ზრდის - რესან ქიქავა

მოლოდინია, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, რაც უძრავი ქონების ბაზარზე კაპიტალდაბანდების ინტერესს ზრდის - რესან ქიქავა

2024-04-26 15:17:00

დღეს ExpoGeorgia-ში, საქართველოს უძრავი ქონების გამოფენა გაიხსნა. მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობს 45 დეველოპერული და 10-ზე მეტი საბროკერო კომპანია, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, დამთვალიერებლებს მიმდინარე და დასრულებულ პროექტები გააცნონ და პოტენციურ მომხმარებლებს შეხვდნენ.

გამოფენის მასშტაბსა და მნიშვნელობაზე Business Insider Georgia ექსპო ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორ რესან ქიქავას ესაუბრა:

  • როგორ შეაფასებთ უძრავი ქონების გამოფენის მიმდინარეობას და რა სიახლეებს სთავაზობთ წელს მომხმარებელს?

ეს არის ყველაზე მასშტაბური უძრავი ქონების გამოფენა, რომელიც საქართველოში ოდესმე გამართულა. რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა, რომ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება ამ გამოფენასთან მიმართებით და სულ უფრო მეტი კომპანია მონაწილეობს. ასევე იმედი მაქვს, რომ გამოფენაში მონაწილე ყველა კომპანია, ფიზიკური და იურიდიული პირი მიიღებს საჭირო ინფორმაციასა და გამოცდილებას, რაც მათთვის მნიშვნელოვანი და ღირებულების მომტანი იქნება.

  • როგორია ამ გამოფენასთან მიმართებით ინტერესი უცხოური კომპანიების მხრიდან? ძირითადად რომელი ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ კომპანიები?

ბუნებრივია, რადგან გამოფენა საქართველოში იმართება, უფრო მეტი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. ამ კომპანიებიდან 40% გამოფენაში პირველად მონაწილეობს. ინტერესი გაიზარდა უცხოეთიდან, რადგან წელს უფრო მეტი მონაწილეა საზღვარგარეთიდან, რაც გამოფენას უფრო საინტერესოსა და მასშტაბურს ხდის. შესაბამისად,  მომხმარებელს სამშენებლო სექტორში არსებულ უფრო მეტ სიახლეს სთავაზობს. სამშენებლო მასალების კუთხით, გამოფენაში მონაწილეობენ კომპანოიები საქართველოსთვის ტრადიციული ქვეყნებიდან, თუმცა გამოფენას ესწრება დასავლეთ ევროპიდან რამდენიმე კომპანია, მაგრამ ძირითადი ინტერესი არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

რაც შეეხება უძრავი ქონების მიმართულებას, აქ დაინტერესება გამოიკვეთა ახლო აღმოსავლეთის, ბალტიისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, საიდანაც რამდენიმე კომპანიაა წარმოდგენილი.

  • რაც შეეხება მოლოდინებს საქართველოს უძრავი ქონებისა და სამშენებლო ბაზარზე, როგორ შეაფასებდით ვითარებას, თუნდაც მიმდინარე მასშტაბური გამოფენის ფონზე?

რა თქმა უნდა პოზიტიური, რადგან საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. არის მოლოდინი, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა ეს ზრდის ინტერესს უძრავი ქონების ბაზარზე კაპიტალდაბანდების კუთხით. ყველამ იცის რა მოხდა იმ ქვეყნების უძრავი ქონების ბაზრებზე, მას შემდეგ რაც ეს სახელმწიფოები ევროკავშირში გაწევრიანდნენ. ამიტომ უძრავი ქონების ბაზრისა და დეველოპერულ პროექტებთან მიმართებით, ინტერესი არის, კიდევ უფრო გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ მომავალში კიდევ უფრო მზარდი იქნება. ჩვენი გამოფენა უპასუხებს ამ ინტერესს თავისი ფორმატითა და მასშტაბით.  უძრავი ქონების გამოფენა არის ყოველწლიური და ეს ღონისძიება საქართველოში უკვე 29-ედ იმართება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

10 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები