დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირის ექსპერტები: ქართული მობილური კომუნიკაციების ბაზარზე არსებული დაბალი კონკურენცია მომხმარებელს აზარალებს

ევროკავშირის ექსპერტები: ქართული მობილური კომუნიკაციების ბაზარზე არსებული დაბალი კონკურენცია მომხმარებელს აზარალებს

2024-04-16 18:48:00

„საქართველოს მობილური კომუნიკაციების ბაზარზე არსებული დაბალი კონკურენცია მომხმარებლებისთვის არის ზიანის მომტანი", - ეს დასკვნა კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული მობილური კომუნიკაციების ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შედეგად, ევროკავშირის ექსპერტებმა დადეს. კვლევის შედეგად მობილური კომუნიკაციების ქართული ბაზარი არაკონკურენტულია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ქართველ აბონენტებზე და მათ მნიშვნელოვნად აზარალებს. ექსპერტების დასკვნით, აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორისთვის - „მაგთიკომისთვის" სპეციფიკური ვალდებულებების დაწესებით, რაც გულისხმობს, რომ ოპერატორი ვალდებული იქნება საკუთარ ქსელზე მსურველი კომპანიები დაუშვას, რათა გაიზარდოს კონკურენცია და დაშვების მსურველმა ოპერატორებმა ყოველგვარი ბარიერის გარეშე, მომხმარებელს ხარისხიანი მომსახურება საქართველოს ნებისმიერ წერტილში მიაწოდონ. 

მომხმარებლებისთვის არახელსაყრელი გარემო კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული შედარებითი ფასების ანალიზშიც ნათლად გამოიხატა, რომლის მიხედვით, ქართველ აბონენტებს მაღალი სიჩქარისა და მოცულობის მომსახურებებში, ევროპელ მომხმარებლებთან შედარებით პრემიუმ ფასების გადახდა, ან დაბალი სიჩქარისა და მომსახურებების არჩევა უწევთ. აღნიშნული მონაცემი, იმის გათვალისწინებით, რომ წლებთან ერთად სატელეკომუნიკაციო მომსახურებები, განსაკუთრებით კი მობილური ინტერნეტის გამოყენება მზარდია (2022 წელს- 12 გბ, 2023 წელს -14 გბ) ნათლად ასახავს თუ როგორი შემზღუდველია ქართული მობილური ბაზარი აბონენტებისთვის.

საყურადღებოა ისიც, რომ ოპერატორებმა ბოლო წლებში საცალო ტარიფების ცვლილება ერთმანეთის პარალელურად განახორციელეს, კერძოდ, ერთი ოპერატორის მიერ ფასის ცვლილებას, მოჰყვა მალევე მეორე ოპერატორის მხრიდან მსგავსი ქმედება, თითქმის ანალოგიური პროცენტული ცვლილებით. აქედან გამომდინარე, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ბაზარი კონკურენტული არ არის, რაც მომხმარებლებს ართმევს არჩევანს და შემზღუდველ პირობებს უქმნის.

გარდა ამისა,  კვლევის მიხედვით, ბაზარზე არ არსებობს ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირებისა და შემდგომ დანერგვის მოტივაცია, ხოლო ქართველი მომხმარებელი მსოფლიოში დანერგილ ინოვაციებს მუდმივად ჩამორჩება. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქართულმა ოპერატორებმა ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, დაგვიანებით განახორციელეს 3G-სა და LTE სერვისების გაშვება, ხოლო 5G, რომელიც ევროპაში უკვე რამდენიმე წელია ფართოდაა დანერგილი, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის განვითარებული.

ყველა გამოვლენილი გამოწვევიდან გამომდინარე, კვლევაში მონაწილე ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ ქართული ბაზარი დაბალი დინამიურობით, ინოვაციების სიმწირითა და ასევე პროგრესის დეფიციტით ხასიათდება და ხაზი გაუსვეს, რომ წინასწარი (ex-ante) რეგულირების არ არსებობის პირობებში, ეს მოცემულობა არ შეიცვლება და მომხმარებლები მომავალშიც დაზარალდებიან. აღნიშნული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით კი, ექსპერტებმა მნიშვნელოვანი ძალის (SMP) ოპერატორისთვის შესაბამისი სპეციფიკური ვალდებულებების შემოღების საჭიროება დაინახეს. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility") ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება.  ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და  ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები