დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელ მასტერკლასებს ირჩევენ მომხმარებლები Wenroll-ის აპლიკაციაში და რა არის კომპანიის კონკურენტული უპირატესობა

რომელ მასტერკლასებს ირჩევენ მომხმარებლები Wenroll-ის აპლიკაციაში და რა არის კომპანიის კონკურენტული უპირატესობა

2024-04-16 14:00:00

Wenroll-ი ქართული სასწავლო მობილური აპლიკაციაა, რომელიც 2023 წლის აგვისტოდან სთავაზობს მომხმარებელს წამყვანი ექსპერტების ექსკლუზიურ საავტორო მასტერკლასებს. 

Business Insider Georgia-სთან Wenroll-ის პროდაქშენის ხელმძღვანელი ირინკა დავითაშვილი ამბობს, რომ აპლიკაციით სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს და მომხმარებელთა რაოდენობა ყოველ თვე დაახლოებით 31%-ით იზრდება, რაც სტარტაპისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. „Wenroll-ი გარდა იმისა, რომ მომხმარებელს ექსკლუზიურად სთავაზობს საუკეთესო პროფესიონალების მასტერკლასებს სხვადასხვა დარგში, ასევე სთავაზობს აპლიკაციას, რომელიც აღჭურვილია სხვადასხვა ფუნქციით. აპლიკაციას აქვს გადახვევისა და ჩანიშვნის რეჟიმი, ასევე სოციალურ ქსელის ფუნქცია, სადაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ, რომ მასტერკლასები ნახონ და პროფესიონალებს მოუსმინონ, ასევე განიხილონ სპიკერებთან და სხვა მომხმარებლებთან ერთად“, - ამბობს Wenroll-ის პროდაქშენის ხელმძღვანელი.

ამ დროისთვის მზადების პროცესშია Wenroll-ის აპლიკაციის რამდენიმე ფუნქცია, რაც მომხმარებელს ქულების დაგროვების, აპლიკაციის გამოწერისა და საწევროს საჩუქრად გადაცემის შესაძლებლობას მისცემს. 

Business Insider Georgia-სთან Wenroll-ის პროდაქშენის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომპანიაში არის კონტენტის სამი მიმართულება: პირველია - მასტერკლასები, მეორე - საინტერესო საუბრების ჩანაწერები მონოლოგის რეჟიმში და ასევე მესამე განყოფილება - წიგნების მიმოხილვები, სადაც წამყვანი სპეციალისტები განიხილავენ წიგნის შინაარსსა და მისი ავტორის შესახებ ინფორმაციას აწვდიან აპლიკაციის მომხმარებელს. 

რა არის Wenroll-ის კონკურენტული უპირატესობა და რით განსხვავდება სხვა აპლიკაციებისგან? 

ირინკა დავითაშვილის განმარტებით, Wenroll-ის აპლიკაციის შემთხვევაში მნიშვნელოვანია მენტალური და კულტურული კონტექსტი. 

„როდესაც ქართველო სპეციალისტი გასწავლით, ის ითვალისწინებს მენტალიტეტსა და კულტურულ კონტექსტს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რაც ჩვენ კონკურენტულად გამოგვარჩევს საერთაშორისო პლატფორმებისგან. რაც შეეხება ადგილობრივ პლატფორმებს, Wenroll-ი არის პირველი აპლიკაცია, რომელიც შესაძლებელია, ყველგან და ყოველთვის თან გქონდეს, ნებისმიერ ადგილზე ყოფნისას მოუსმინო მასტერკლასს ან ლექციას. ამის გარდა Wenroll-ის კონკურენტულ უპირატესობაა ის, რომ მომხმარებელს ვთავაზობთ სტრუქტურირებულ და დასრულებულ მასტერკლასებს“, - ამბობს ირინკა დავითაშვილი. 

რაც შეეხება აპლიკაციის გამოწერის ფასს, ერთი თვით სარგებლობის გადასახადი 29 ლარია, 6 თვით 149 ლარი, 1 წლიანი სერვისის საფასური კი 249 ლარი. გარდა ამისა Wenroll-ი აპლიკაციის გამომწერებს მათთვის საინტერესო ექსპერტებთან პირისპირ შეხვედრას სთავაზობს და მათთვის ეს სერვისი უფასოა. 

როგორც Business Insider Georgia-სთან Wenroll-ის პროდაქშენის ხელმძღვანელი ამბობს, მომხმარებელს ძალიან აინტერესებს მენტალური ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ მეტი ინფორმაცია, ასევე ფსიქოლოგია. 

„გარდა ამისა, როგორც ჩანს დაკავებული ადამიანებისთვის ძალიან კარგი პროდუქტია მსოფლიო შედევრების მოკლე მიმოხილვები. ასევე მხატვრობაზეც გვაქვს სპეციალური კურსი, რასაც ქართველი მომხმარებლები სიამოვნებით უსმენენ. ასევე, გვაქვს სპეციალური კურსები, რაც ინტერესს იწვევს, მაგრამ ჩვენი მასტერკლასები ძირითადად არ არის ისეთი დეტალური როგორც აკადემიური პროგრამები. ძირითად ღირებულება, რასაც Wenroll-ის მომხმარებელი იღებს, ესაა ზოგადი განათლების თვალსაწიერის გაფართოება და ბევრ სფეროზე ექმნება წარმოდგენა, რაც თანამედროვე განათლებული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია“, - ამბობს ირინკა დავითაშვილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები